ეროვნული აგრარული ოლიმპიადის კონცეფცია შედგენილია არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის“ მიერ. პროექტის უმთავრესი მიზანია აგრარული განათლების სექტორის გაძლიერება საქართველოში და პროფესიული ცოდნის შეფასების ობიექტური და კვალიფიციური მექანიზმის შექმნა.
პროექტის კონცეფცია ორიენტირებულია როგორც სპეციალისტების, ასევე სტუდენტების და ფერმერების ცოდნის შეფასება-წარმოჩენა-გაძლიერებაზე დასაქმების სექტორისათვის აქტუალურ აგრარულ დარგებში.
ყველაზე აქტუალური აგრარული დარგების იდენტიფიცირება ხორციელდება ორგანიზაციის და მისი პარტნიორების მიერ, შრომის ბაზრის სექტორში განხორციელებული კვლევების საფუძველზე, საგანმანათლებლო და ბიზნეს-სექტორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში ცოდნის შეფასება იწარმოებს სირთულის მიხედვით სორტირებული ტესტების საშუალებით.
ოლიმპიადაში გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ ოლიმპიადის ორგანიზატორების და სპონსორების მიერ დაწესებულ სხვადასხვა სახის პრიზებს. გარდა ამისა, იწარმოებს გამარჯვებული მონაწილეების პოპულარიზაცია-წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით, მას-მედიის და ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებებით.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა უკვე მესამედ ტარდება საქართველოში და მისი მთავარი მიზანია ცოდნაზე/პროფესიონალიზმზე ორიენტირებული ჩემპიონატის დამკვიდრება ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული ან/და დარგით დაინტერესებული ადამიანების (ექსპერტი, სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი;) ცოდნის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას. იგი წარმოადგენს სიახლეს ქართულ რეალობაში და განხორციელდება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის“ მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით.