საქართველოში რიგით მეორე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გაიმართება. ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების და პროფესიების პოპულარიზაციას, პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას. ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აგროოლიმპიადა ხელს შეუწყობს აგრარული განათლების მიმართ ინტერესის ზრდას, სოფლის მეურნეობაში მეტი ადამიანის ჩართულობას და როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ზოგადად, აგრარული დარგის განვითარებას.
„ახალი თაობის აგროოლიმპიადაში მონაწილეობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ოლიმპიადაში გამარჯვება საუკეთესო სტიმული იქნება მათთვის, კიდევ უფრო მეტი გააკეთონ დარგის, საკუთარი თავის განვითარებისა და წინსვლისთვის. ოლიმპიადაში გამარჯვებული სტუდენტები, სტაჟირებას გაივლიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და შესაძლებლობა მიეცემათ დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა-2022 საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით გაიმართება.
ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა, „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია“(ADA), USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
ოლიმპიადის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს:
- სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ან პროფესიული განათლება აგრარულ სფეროში;
- აგრარული პროფილის უნივერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები;
- ფერმერები, რომლებიც ჩართული არიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგად, აქვთ საჭირო ცოდნა და გამოცდილება;
- 14-დან 18 წლამდე ასაკის, როგორც სპეციალიზებული კოლეჯის, ასევე, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები;
„პირველ რიგში, ოლიმპიადა საშუალებას მოგვცემს წარმოვაჩინოთ ადამიანები, რომელთაც სიღრმისეული ცოდნა და კვალიფიკაცია გააჩნიათ სოფლის მეურნეობის დარგში და წავახალისოთ ისინი, ხოლო მეორე მხრივ, ახალგაზრდებში მაქსიმალურად მოვახდინოთ სოფლის მეურნეობის განათლების პოპულარიზაცია“, - აღნიშნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა.
ოლიმპიადა სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მოხდება მსურველთა რეგისტრაცია; მეორე ეტაპზე, დარეგისტრირებულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტესტირება (დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის საშუალებით) მათ მიერ წინასწარ შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში; მესამე ეტაპზე კი, ტესტირების საშუალებით გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
მიმდინარე წელს, ოლიმპიადის წესებში რამდენიმე ძირითადი ცვლილება განხორციელდა:
- კონკურსანტი მონაწილეობის მიღებას შეძლებს მხოლოდ ერთ დარგში. შესაბამისად, გამოირიცხება ერთი პიროვნების მიერ ორ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შანსი.
- კონკურსანტების მიერ, ერთი და იმავე დარგში, თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში, საპრიზო ადგილს დაიკავებს ის მონაწილე, რომელსაც „რთული“ კატეგორიის უფრო მეტ კითხვაზე ექნება სწორი პასუხი გაცემული. იმ შემთხვევაში თუ პირველ ტურში მეათე და მეთერთმეტე ადგილზე გასულმა მონაწილეებმა დააგროვეს ქულების თანაბარი რაოდენობა, მეორე ტურზე ორივე მათგანის დაშვება მოხდება.
- შემცირდა ტესტის კითხვების რაოდენობა და 90-ის ნაცვლად, თოთოეულ მიმართულებაში, 60 კითხვა იქნება გამოყენებული.
აგროოლიმპიადა 2022-ის ფარგლებში, თითოეული კატეგორიიდან (ფერმერი, სტუდენტი, სპეციალისტი და მოსწავლე), დარგების მიხედვით, გამოვლინდება სამი (I ადგილი, II ადგილი, III ადგილი) გამარჯვებული, რომლებსაც სერტიფიკატები და პრიზები გადაეცემათ.