საქართველოში რიგით მეორე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გაიმართა. აგროოლიმპიადა 2022-ის გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ და ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ კარნერმა დააჯილდოვეს.
„აგროოლიმპიადა 2022-მა ნათლად დაგვანახა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას და ზოგადად, აგრარულ დარგს განვითარების დიდი პერსპექტივა და პოტენციალი აქვს. ჩვენ დავინახეთ თუ როგორ სჭირდება კერძო სექტორს პროფესიონალი და კვალიფიციური კადრები. მისასალმებელია, რომ თითქმის ყველა გამარჯვებულმა მიიღო ანაზღაურებადი სტაჟირების შეთავაზება შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. მინდა მადლობა გადავუხადო ოლიმპიადის ორგანიზატორებს, დონორ ორგანიზაციებს, რომლებმაც შეძლეს მოტივაცია გაეჩინათ აგრარული დარგით დაინტერესებული სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის - ფერმერებისთვის, მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და სპეციალისტებისთვის. მადლობას ვუხდი ოლიმპიადის პარტნიორ ყველა კომპანიას, რომლებმაც მნიშვნელოვანი პრიზები გადასცეს გამარჯვებულებს. მინდა მივულოცო და წარმატება ვუსურვო ეროვნული აგრარული ოლიმპიადის ყველა გამარჯვებულს. მჯერა, რომ თითოეული მათგანი, თავის ცოდნას და გამოცდილებას ქვეყნის განვითარებას მოახმარს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა, ქვეყნის მასშტაბით და ზოგადად რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი კონკურსია. იგი მიზნად ისახავს აგრარული განათლების და პროფესიების პოპულარიზაციას.
წელს, აგროოლიმპიადა 2022-ში, 964 კონკურსანტი მონაწილეობდა და კატეგორიების შესაბამისად, სხვადასხვა ნომინაციაში, 38 გამარჯვებული გამოვლინდა.
„აგროოლიმპიადა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ამ სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის, ასევე, პოპულარიზაციისთვის, რომ სოფლის მეურნეობა მიმზიდველი, საინტერესო დარგია. მნიშვნელოვანია, ახალი შესაძლებლობები შეიქმნას, დარგში ახალი ძალები მოვიზიდოთ. მონაწილეების გაზრდილი რაოდენობა აჩვენებს, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მიმართულება სულ უფრო საინტერესო ხდება. ცალკე ხაზგასასმელია ბევრად მეტი პარტნიორის ჩართულობა - კომპანიებმა გამარჯვებულებს პრიზების სახით სტაჟირება და დასაქმებაც კი შესთავაზეს. სწორედ ეს არის ახალი გზა სოფლის მეურნეობის სფეროში მეტი ადამიანის მოზიდვისაკენ“, - აღნიშნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ.
აგროოლიმპიადის სამიზნე აუდიტორიას 4 კატეგორია - სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი და მოსწავლე წარმოადგენდა, ხოლო საკონკურსო მიმართულებები - აგრონომიას, ვეტერინარიას, ღვინის ტექნოლოგიას, სასურსათო ტექნოლოგიას, მექანიზაციას, სატყეო საქმესა და მოსწავლეებისთვის, გაერთიანებულ საკითხებს (სოფლის მეურნეობა, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია) მოიცავდა.
წელს, უპრეცედენტოდ მაღალი იყო აგროოლიმპიადის მიმართ ინტერესი და ჩართულობა კერძო კომპანიების მხრიდან. აგროოლიმპიადა 2022-ის პარტნიორები გახდნენ კომპანიები: შპს ნატსჯი; თიბისი ბიზნესისთვის; ბეკო; ფერმერთა ასოციაცია; შპს კერკი; შპს კულა; შპს აჩინებული (ალალი); ინვეტფიდი; შპს აგრომოტორსი; შპს აგროლეინი; დაცული ტერიტორიების სააგენტო; ჯეონატურალსი; შპს აგროქოზიყი; წერტი; აგროსფერო; აგრონომი; ალდაგი; ბარაქა და მეღვინეობა შუმი, რომლებმაც გამარჯვებულთათვის მნიშვნელოვანი პრიზები - ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით, ფულადი პრიზები, წარმოებული პროდუქციის ნაკრები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა, დააწესეს.
„ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სახელით, მოხარულნი ვართ და გვეამაყება, რომ უკვე მეორედ მხარს ვუჭერთ აგრარულ ოლიმპიადას და დღევანდელ ცერემონიას. ღონისძიება წარმატებული გამოდგა და ამას ამტკიცებს წელს ოლიმპიადის მონაწილეთა თითქმის გაორმაგებული რაოდენობა. ოლიმპიადა ნამდვილად არის სოფლის მეურნეობის სექტორის ადვოკატირების, მისი პოპულარიზაციის, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მდგრადობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა. ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს საქართველოში (სოფლის მეურნეობის) პროდუქტიულობის გაზრდას. ძალიან სასიამოვნო იყო ამდენი მხარდამჭერი კომპანიის ჩართულობა პროექტში და ველით, რომ მომავალ წელს, ოლიმპიადა კიდევ უფრო მასშტაბური იქნება“, - განაცხადა ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ კარნერმა.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლებმა. დაჯილდოების ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ოლიმპიადის პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით იმართება. ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC), „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია“ (ADA), USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).